საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - ევრო 2020-ზე ტოპ-ფეხბურთელების გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხზე, ევრო 2020-ისადმი მიძღვნილ გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანებმა და სტუმრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩზე ილაპარაკეს, რომელიც 23:00 საათზე დაიწყება და იტალია თურქეთს დაუპირისპირდება.
„ბევრი ძლიერი გუნდია, მაგრამ ყოფილა ბევრი შემთხვევა, ფავორიტები ჩემპიონები ვერ გამხდარან – მაგალითად, საბერძნეთი, ჩეხეთი, ან გახსოვთ, დანია ჩემპიონი რომ გახდა ტურნირზე რა უცნაურად მოხვდა? სენსაციები არაა გამორიცხული. იწერება, რომ ძლიერია იტალია, ინგლისი და საფრანგეთი. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიმე ჯგუფიდან ვერ გავიდეს. თურქეთს ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავდა და ასეთ ტურნირებზე ყოველთვის მოტივირებულია. თანაც ახლა ძლიერ ლიგაში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ. მაგრამ იტალიას 27 მატჩია არ წაუგია და საინტერესო თამაშს ველოდები. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ტოპ-ფეხბურთელების გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.
ზურაბ ხიზანიშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: „ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმული იქნება მაყურებელი, რაც ბოლო ერთი წელი ფეხბურთს აკლდა. პანდემიამ უმაყურებლოდ მიგვაჩვია, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ფავორიტი არ მყავს, მაგრამ ინგლისისადმი სიმპათია მაქვს. მაგრამ ფავორიტად საფრანგეთი მიმაჩნია“.
საბა ლობჟანიძე, საქართველოს ნაკრების მოთამაშე: „მგონი, საინტერესო თამაშები იქნება, მაგრამ არა მგონია, ბევრი გოლი გავიდეს, რადგან დაძაბულ ტურნირს ველოდები. მიყვარს ევროპის ჩემპიონატის სენსაციური დაწყება. ბავშვობიდან იტალიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თურქეთიც სიმპათიური გუნდია“.