საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - „დინამო თბილისის“ მსგავსი აკადემიები კიდევ თუ გაიხსნება, ტალანტების რაოდენობა გაიზარდება #1TVSPORT
„საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა ქართული ფეხბურთისთვის „დინამო თბილისის“ აკადემიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„თბილისის „დინამო“ ჩემთვის მშობლიური კლუბია, მანდ გავიზარდე და ჩემთვის ეს გუნდი ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ უმაღლესი დონის აკადემია ჩამოყალიბდა, ესპანელმა ანდრეს კარასკომ ის ევროპულ ყაიდაზე გადაიყვანა. რომან ფიფიას ვეთანხმები, კიდევ რამდენიმე ასეთი აკადემია რომ გვქონდეს, უკეთესი იქნება, რადგან ტალანტები გამოჩნდებიან.
ვიცი, რომ „დინამო თბილისის“ სელექციონერები ბევრს მუშაობენ, თემურ უგრელიძე და მისი ჯგუფი სოფლებში დადიან და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდება, აკადემიაში მოჰყავთ. ალბათ არიან კომპანიები, რომლებიც ამ საქმეში უნდა ჩაერთონ. ვიმეორებ, ბევრი მსგავსი აკადემია აუცილებელია.
ნაკრების ლიდერების უმრავლესობა „დინამო თბილისის“ გაზრდილია – კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი, დავითაშვილი, ლოჩოშვილი, აზაროვი, კიტეიშვილი, ახლა სიგუა გამოჩნდა. მსგავსი აკადემიები კიდევ თუ გაიხსნება, ტალანტების რაოდენობაც მოიმატებს“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.