საფეხბურთო ტაიმაუტი | ვეტერანებმა ახალგაზრდა შემტევები დაახასიათეს - ჩაკვეტაძისთვის ხელის ჩაქნევა ნაადრევია, კვარაცხელია „ნაპოლიში“ კიდევ უფრო გაიზრდება #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი – საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული გუნდის ახალგაზრდა შემტევებზე თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს.
ლაშა სალუქვაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი: „ჩაკვეტაძეს და მის პოტენციალს კარგად ვიცნობ, რადგან „დინამოში“ მასთან ერთად თამაში მომიწია. მართალია, პატარა იყო, მაგრამ ნიჭი ეტყობოდა. ყველამ ვიცით, რა პოტენციალის პატრონია, მაგრამ ტრავმებმა ხელი შეუშალა. თუმცა ჯერ იმ ასაკში არაა, რომ ხელები ჩამოუშვას. საქართველოში რომ დაბრუნდეს, „დინამოში“ ან ბათუმში, არის ისეთი პირობები, რომ კარგად მოემზადოს და ექვსი თვე მაინც ითამაშოს და ფორმაში შევიდეს. ჩემი აზრით, ეს ურიგო არ იქნება. ჩვენ მისი დიდი იმედი გვაქვს. რაც შეეხება ხვიჩას, ის კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ მესამე ქართველი იქნება, რომელიც სერია ა-ში ითამაშებს. ვფიქრობ, კვარას აქვს ის სისწრაფეები, ტექნიკა და ბურთთან ურთიერთობის ნიჭი, რომ იტალიაში ითამაშოს. მას ბევრი ტვირთი აჰკიდეს, რუსეთშიც, საქართველოს ნაკრებშიც და ამ ზეწოლას გაუძლო. „ნაპოლიში“ კიდევ უფრო ჩამოყალიბდება, გაიზრდება და კიდევ დიდხანს გაგვახარებს“.
ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ წამყვანი: „ვფიქრობ, რომ გიორგის თამაშები სჭირდება. ფეხბურთელი სათამაშოდ მაშინაა მზად, როდესაც არაფერი აწუხებს და პლუს, თავში არ აქვს ფიქრი, რომ რაიმე შეაწუხებს. ნიჭიერი ფეხბურთელი კი პრაქტიკით კონდიციებს აუცილებლად დაიბრუნებს“.
გიორგი ლომაია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე: „კვარა ასაკობრივი ნაკრებებიდან მოდის, დავითაშვილიც, გულიაშვილიც, ბევრი საინტერესო ბიჭია. ხვიჩა პროფესიონალი და თავისი საქმის მცოდნეა. ვის არ გაუხარდება, „ნაპოლიში“ მარადონასავით თუ არა, მასზე ბევრად ნაკლებად რომ არ ითამაშოს“.