საფეხბურთო ტაიმაუტი | თორნიკე ოქრიაშვილი - „დინამოში“ ლორიამ მიმიყვანა, თუ შანსი მომეცემა, ნაკრებში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვიქნები #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თორნიკე ოქრიაშვილმა ისაუბრა, თუ როგორ მოხვდა „დინამო თბილისში“ და დაანონსა, რომ მცირე ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება.
„დინამო თბილისში“ შემთხვევით მოვხვდი – უგუნდოდ ვიყავი, გიორგი ლორიამ დამირეკა და ძალიან მთხოვა, რომ ფეხბურთში დავბრუნებულიყავი. ჯერ დისკვალიფიკაცია მქონდა, შემდეგ კი პაუზა გამიგრძელდა. მადლობა „დინამოს“, რომ ფეხბურთში დაბრუნების შანსი მომცა. პროფესიონალური გუნდია და ხელს მიწყობს. რამდენიმე თამაშში დავეხმარე. „გაგრასთან“ უკვე ვიგრძენი, რომ ფორმაში შევდიოდი, მაგრამ უკანა კუნთი გამეგლიჯა. შემდეგ კიდევ ერთხელ იგივე გამიმეორდა. თუმცა, უკვე ტრავმა მოვირჩინე და გორის „დილასთან“ მატჩში გუნდს დავეხმარები.
რატომ დავბრუნდი? ძალიან მომენატრა ფეხბურთი. მეორე ისაა, რომ ისევე ვთამაშობდი, როგორც აქამდე და თავს საერთოდ ვერ დავანებებდი, რადგან ჩემს თავს უსამართლოდ მოვექცეოდი. მთავარი მოტივი კი ნაკრებში დაბრუნების სურვილი იყო. გუნდს იცვლი, მაგრამ ნაკრები შენი ქვეყნის გუნდია და ერთი სული გაქვს, ითამაშო. მით უმეტეს, ბიჭებმა ასეთი სასწაული მოახდინეს და თუ შანსი მომეცემა და დავიმსახურებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები“, – ამბობს თორნიკე ოქრიაშვილი.