საფეხბურთო ტაიმაუტი | საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა, დამნაშავე დანაკლისს აგვინაზღაურებს და „დინამოს“ საუკეთესო მომავალი გაეხსნება - რომან ფიფიამ გუნდის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდის გაყიდვის მცდელობაზე ისაუბრა და არ დამალა, რომ მსურველების აქტიურობა არ ყოფილა. თუმცა, იმედი გამოთქვა, რომ საკუთარ ბიზნესს დაიბრუნებს და ეს გუნდს წაადგება.
„თქვენ გესმით, „დინამო თბილისის“ აკადემიის ყოველდღიურობა რა თანხებთან არის დაკავშირებული. იყო მომენტი, კლუბის გაყიდვას ვაპირებდი, მაგრამ კალთები არავის დაუხევია – უპირველესად, საქართველოში. თითქოს იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ არაფრით არ გაგრძელებულა ეს ამბავი და ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ამის შესახებ ვლადიმერ გუცაევთანაც მისაუბრია („დინამოს“ ლეგენდა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანია), რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს.
გუნდს სჭირდება ფინანსები. „დინამოს“ წლიური ბიუჯეტი, მინიმუმ, 9-10 მილიონი ევრო მაინც უნდა იყოს – ესაა მოცემულობა. 2016 წლამდე ფინანსები იყო და პლეი ოფში სამჯერ გავედით. 2016 წლამდე ამ ხარჯს ვწევდით და ასეთი წინსვლით 7-8 წელიწადში მიზანსაც მივაღწევდით.
ახლა გვარებს არ ჩამოვთვლი, რადგან ჩართულები იყვნენ რუსები და ზოგიერთი აქაურიც და „საქართველოს ბანკთან“ ერთად სპეცოპერაცია განახორციელეს, მიისაკუთრეს ქარხანა, რომელიც წელს ინდოელებზე გაყიდეს. „დინამოს“ დაფინანსების ეს წყარო გამოაცალეს.
ეს ორგანიზაცია წელიწადში ძალიან დიდ შემოსავალს ნახულობს, შეიძლება, ჯამში, მილიარდამდეც. მესმის, რომ სკოლას ან სოციალურად დაუცველებისთვის რომელიმე პროგრამას აფინანსებდეს. ახლა რომ ხარ ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი, არ ნიშნავს, რომ აკეთებდი იმას, რასაც თუნდაც – მე.
ეს დაფინანსება გუნდს მოაკლდა და აქედან გამომდინარე იყო ჩემი განცხადებაც გუნდის გაყიდვაზე, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ვიტყოდი. ქომაგი შედეგს ითხოვს და ამას ვერ აკმაყოფილებ, რადგან სახსრები არ გყოფნის. ეს საკითხი გადაწყვეტასთან ახლოსაა, დამნაშავე პასუხს აგებს და ამ დანაკლისს აანაზღაურებს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ „დინამოს“ საუკეთესო მომავალი გაეხსნება.
ეს ქარხანა „დინამოსთვის“ იყო, რომლის გარეშე გუნდისთვის ამდენს ვერ გავაკეთებდი. არ გვეყოლებოდნენ ეს ახალგაზრდები, რომლითაც დღეს აღფრთოვანებულია ქვეყანა. ხალხს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, რომ ფეხბურთში ფული ჩადოს – სხვანაორად არ გამოდის, ამას ხომ ვხედავთ.
არის რამდენიმე კლუბი, რომელიც წლებია, საქმეს აკეთებს და მადლობა მათ, მაგრამ უფრო დიდი ინვესტიციისთვის დიდი შესაძლებლობის კომპანიებია საჭირო. თუ 100 მილიონი მოგება გაქვს და იცი, ფეხბურთი ჩვენს ხალხს როგორ უყვარს, გაიმეტე და ჩადე რამდენიმე მილიონი ამ საქმეში, ამისთვის ქომაგი და ქვეყანა მადლობასაც გეტყვის“, – ამბობს „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი.