საფეხბურთო ტაიმაუტი | რატომ არ იყო ცხადაძე სანიოლთან შეხვედრაზე - აუცილებელია, გუნდებისა და ნაკრების მწვრთნელებს შორის კარგი კომუნიკაცია #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებსა და მის მწვრთნელზე ილაპარაკა. ბევრს გაუჩნდა შეკითხვა – რატომ არ იმყოფებოდა სასტუმრო „შერატონში“ „დინამოს“ წარმომადგენელი, სადაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ეროვნული ლიგის კლუბების მწვრთნელებს შეხვდა.
„სანიოლთან კარგი და სასურველი შეხვედრა იყო, რადგან აუცილებელია, რომ გუნდებისა და ნაკრების მწვრთნელებს შორის კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს. სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, რადგან მოხდა ისე, რომ ამ შეხვედრაზე გაფრთხილებული იყო გიორგი ნემსაძე, მე კი „დინამოში“ სულ ერთი დღის დანიშნული გახლდით და ამ შეხვედრის საქმის კურსში არც ვიყავი. გუნდში ორი ვარჯიში მქონდა – დილით და საღამოს, გიას კი პირადი პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ვერ მივიდა“, – განაცხადა ცხადაძემ.
მისი თქმით, მომავალში ნაკრების მთავარ მწვრთნელთან შეხვედრაზე აუცილებალად მივა:
„მომავალში ასეთი შეხვედრა რომ იქნება, აუცილებლად დავესწრები, რადგან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ნაკრების მწვრთნელმა გუნდებისგან ინფორმაციები უნდა მიიღოს. მეორეც, ნაკრების მწვრთნელმა კლუბების აზრი ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს, ხოლო კლუბებმა – მისი აზრი“.