საფეხბურთო ტაიმაუტი | ქოჩორაშვილმა საქართველოს ნაკრების სუსტი რგოლი ერთ-ერთ საუკეთესოდ გადააქცია - ვეტერანმა ფეხბურთელებმა „ლევანტეს“ ნახევარმცველზე ისაუბრეს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა და ეროვნული გუნდის ყოფილმა მეკარემ, ნუკრი რევიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ჯვაროსნების“ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრეს, რომელიც საბერძნეთთან, ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„ქოჩორაშვილის თამაშს დიდი ხანია ვაკვირდები და ძალიან მომწონდა. მას შეუძლია, კიდევ უფრო უკეთ ითამაშოს და ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს. ამიტომ გიორგი ასეთი კარგი თამაში არ გამკვირვებია, მისგან უფრო მეტსაც ველი“, – განაცხადა ნუკრი რევიშვილმა.
ვლადიმერ გუცაევი: „აქამდე ყველას მიაჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია იყო. ამ დროს გიორგი გამოჩნდა და აღმოვაჩინეთ, რომ ეს ამპლუა ერთ-ერთი საუკეთესოა.
ქოჩორაშვილი საიმედოდ თამაშობს და გვერდით ჰყავს კიდევ ორი ძალიან კარგი ნახევარმცველი, რომლებიც, მასთან ერთად, ნაკრებს აძლიერებენ. ასევე, არიან გამოცდილი კანკავა და კვეკვესკირი, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ჩაერთონ თამაშში. ასე რომ, ნახევარდაცვის ეს რგოლი სუსტ წერტილად აღარ მიგვაჩნია“.