საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან ნოდია - თბილისის „დინამოში“ პირველი გოლი მიხეილ მესხის პასით გავიტანე #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლევან ნოდია - თბილისის „დინამოში“ პირველი გოლი მიხეილ მესხის პასით გავიტანე #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ლევან ნოდიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდში სადებიუტო შეხვედრა გაიხსენა, რომელიც მიხეილ მესხის გვერდით ითამაშა.

„თბილისის „დინამოში“ 1967 წლის აგვისტოში მივედი. გუნდი შეკრებაზე ბათუმში იყო – მაშინ მწვრთნელი სოლოვიოვი გახლდათ. იქიდან გუნდი ოდესაში სათამაშოდ გემით წაიყვანეს. მე ამ გემს სოხუმში დავხვდი. ეს იყო ჩემი პირველი მატჩი „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში. მესხმა ითხოვა, რომ თამაშისთვის მოსამზადებლად წინა დღეს დუბლებში ერთი ტაიმი ეთამაშა, რადგან გემზე სად უნდა ევარჯიშა.

ეს მატჩი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ „დინამოში“ პირველი გოლი გავიტანე, თავდასხმაში ვთამაშობდი, მიშა კი – ფლანგზე. ერთ-ერთ ეპიზოდში ისეთი პასი მომცა, ნაბიჯის გადადგმაც არ დამჭირვებია, ისე გავიტანე ბურთი. მიშა მესხი იყო ჩემი კერპი, მაისურზე 11 ნომერი და მისი გვარი მეწერა, ქალაქში ამ მაისურით დავდიოდი.

ისეთ ამბავს მოვყვები, რაც ბევრმა შეიძლება არ იცის. 1967 წელს „დინამო“ იყო შვეიცარიაში, სადაც „ლუცერნთან“ და „ლოზანასთან“ უნდა გვეთამაშა. მე უკვე საბჭოთა კავშირის  ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი და წამიყვანეს. პირველად მეორე ლიგის „ლუცერნს“ შევხვდით და 2:2 ვითამაშეთ.

იქაურ გაზეთში დაწერეს, ეს რა გუნდი ჩამოვიდა, მეორე ლიგის წარმომადგენელს ვერ უგებს და ჩემპიონატის ლიდერ „ლოზანასთან“ რას იზამსო. მაგრამ „ლოზანას“ 4:0 მოვუგეთ, რაც მესხის დამსახურება იყო. ძალიან სწრაფი იყო და ისეთ ფინტებს აკეთებდა, მეტოქეებს მასთან მიახლოება ეშინოდათ,“ – ამბობს ლევან ნოდია.