საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - კაშია საუკეთესო იყო, გიორბელიძეს შეუძლია კარგი მცველი დადგეს, კვარაცხელია კი ფენომენია #1TVSPORT
კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი გარკვეული კუთხით გააკრიტიკა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციომატჩებში ახალწვეულების გამოძახება მოუწონა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და მთავარი მწვრთნელის თქმით, საინტერესო ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატშიც არიან.
„სანიოლს, ფაქტობრივად, დრო არ ჰქონდა, რომ გუნდი მოემზადებინა. ფორსმაჟორში მუშაობდა. მთავარია, რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის მიწვევა არ შეიძლება. სანიოლმა აჩვენა, რომ მისთვის მთავარია ფეხბურთელი აკმაყოფილებდეს კონკრეტულ პოზიციაზე კრიტერიუმებს. მეორე – მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ და თუ ფეხბურთელი არ თამაშობს, ნაკრებშიც ვერ მოხვდება. ამას მივესალმები.
ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა დაცვის ფლანგებზე გვქონდა, განსაკუთრებით, მარცხენა მცველის პოზიციაზე. გიორბელიძე ავსტრიაშია და ჩანს, რომ შეუძლია კარგი მცველი დადგეს. მას დიდი სისწრაფე აქვს, დიდი მანძილი შეუძლია დაფაროს და წართმევაშიც ხისტია. ერთადერთი, პოზიციური შეცდომები აქვს, რის გამოც ესპანეთთან გოლიც გავიდა, მაგრამ ეს გამოსწორებადია. მთავარია, რომ პერსპექტიულია და როგორც იქნა, ეს დაინახეს. თუმცა, აქამდეც მხედველობაში უნდა ჰყოლოდათ, რადგან ფაქტობრივად, მარცხენა მცველებში ერთადერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო მოთამაშეები კიდევ არიან.
სტატისტიკური მონაცემები რომ ვნახოთ, ამ სამ მატჩში საუკეთესო კაშია იყო – ორთაბრძოლებში, ჩაჭრებში… რა თქმა უნდა, კვარაცხელიაზე არაფერს ვამბობ, ეს ბიჭი ფენომენია. სანიოლმა ზივზივაძეს ესპანეთთან შანსი მისცა და კარგია, რომ არ შეცვალა და საბერძნეთთანაც ენდო.“