საფეხბურთო ტაიმაუტი | კახა ცხადაძე - დიდი ხანია, ასეთი თაობა არ გვყოლია, ამ გუნდს ბევრი შეუძლია #1TVSPORT
რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობას ვილი სანიოლის ხელში? ამის შესახებ პირველი არხის გადაცემის – „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.
„ყველაზე მთავარი – მწვრთნელი შედეგით ფასდება, ვილი სანიოლს კი ძალიან კარგი შედეგები აქვს. მან ყველა რეკორდი მოხსნა იმ მწვრთნელებში, ვისაც კი ეროვნულ ნაკრებში უმუშავია. სტაბილური შედეგია – 11 თამაში გუნდს არ წაუგია. აირჩია სქემა, რომელიც ზოგს მოსწონს და ზოგს შეიძლება – არა. მაგრამ მთავარი ამოცანა მიღწეულია და შედეგი დადებულია. დიდი რაოდენობით ფეხბურთელები მონაწილეობენ დაცვაში, 8-9 მოთამაშე და უკანა ხაზი ძალიან საიმედოდ თამაშობს.
გუნდი მაღალ პრესინგზე არ მუშაობს და აქცენტი გაკეთებულია სწრაფ შეტევებზე. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი და სწრაფი ფეხბურთელები გვყავს. ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. მაგრამ ფაქტია, რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ დაცვიდან ვთამაშობთ, ბულგარეთის გარდა, ყველა თამაშში გოლი გავიტანეთ – დამთავრდა! შედეგი არის და წარმატებას ვუსურვებ. ერთა ლიგა ნაკრებმა მოიგო და გუნდი გაიზარდა. ამიტომ უფრო მეტი შედეგი გვინდა.
ძალიან დიდი ხანია, ასეთი თაობა არ გვყოლია – ალბათ, ჩვენი თაობის შემდეგ. თან ახალგაზრდები არიან და ეს ნაკრები დიდი ხანი იქნება. ამიტომ მთავარი ამოცანაა, რომ ყოველთვის მოხერხდეს სათამაშო სქემის შეცვლა. ეს პრობლემა ჰქონდა ვაისს და საჭირო დროს ვერ შეცვალა. გეგმა B-ს გარეშე დიდი ტურნირებზე თამაში გამორიცხულია. ახლა შესარჩევი ციკლი რომ დაიწყება, იქ გამოჩნდება, გვაქვს ამის საშუალება თუ არა. მე კი მიმაჩნია, რომ გვაქვს. ამ ნაკრებს ყველასთან თამაში შეუძლია. მთავარია, ამ შესარჩევიდან პირდაპირ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე“.