საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - საქართველოში ქართველზე წარმატებულ უცხოელ მწვრთნელს ვერ ვიხსენებ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი მიქაძე - საქართველოში ქართველზე წარმატებულ უცხოელ მწვრთნელს ვერ ვიხსენებ #1TVSPORT

რატომ არ ენდობიან ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელები ქართველ სპეციალისტებს? ამ კითხვაზე კომენტარი საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი მიქაძემ გააკეთა.

„სხვათა შორის, ამაზე ბევრს ვფიქრობდი და დავიწყე ინფორმაციების მოძიება, რომელი უცხოელი მწვრთნელი იყო საქართველოში ქართველებზე წარმატებული და ასეთი ვერ გავიხსენე, არ ყოფილა. უცხოელებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ქართველებზე წარმატებული უცხოელი მწრთნელი ვერ გავიხსენე. იმას ვამბობ, რაც რეალობაა – ქართველი სპეციალისტები ბევრად უფრო წარმატებულები იყვნენ.

მაგალითს მოვიყვან. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ პრეზიდენტმა მოთამაშის გაშვება რომ მოისურვოს, ქართველი მწვრთნელისგან, შესაძლოა, წინააღმდეგობას წააწყდეს, უცხოელისგან კი – ნაკლებად. მწვრთნელი, რომელიც საშოვარზეა ჩამოსული, რა თქმა უნდა, საკუთარ კომფორტზე ფიქრობს.

საქართველოს ნაკრები? ტაილანდი სუსტი გუნდი კი არის, მაგრამ თვალში საცემი იყო შეტევაში კარგად ორგანიზებული თამაში, ფეხბურთელების მონდომება და ხასიათი. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იყო მოთამაშეების და გუნდის მოქმედება, მაღალი პრესინგით თამაში, მოძრაობა, სისწრაფე, თამაშის ორგანიზაცია.

ძალიან გონივრულად ვითამაშეთ კვიპროსთანაც, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ რთული დროება უდგას, სუსტი გუნდი ნამდვილად არ არის. ძირითადად, კვიპროსის და საბერძნეთის ჩემპიონატის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ეს კი მაღალი დონის ლიგებია.

კუნძულელები მეორე ტაიმში აშკარად დავჯაბნეთ, გუნდმა იცოდა, რას აკეთებდა.

რაც შეეხება ერთა ლიგის პლეი ოფს, მზად ვიქნებით თუ არა, ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. იმედია, ჯანმრთელად იქნებიან და კლუბებში სათამაშო პრაქტიკა ექნებათ“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.