საფეხბურთო ტაიმაუტი | გიორგი ჩიხრაძე - შეთამაშებული შემადგენლობა და ათვისებული ტაქტიკა ჩვენი ნაკრების დიდი პლუსია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა, გიორგი ჩიხრაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრეზე ისაუბრა და წამყვანის, გია თვალაბეიშვილის კითხვას უპასუხა – „შემადგენლობა წინასწარ რომ არის ცნობილი, შეთამაშების მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ, შესაძლოა, სანიოლმა სიუპრიზი ვერ მოუმზადოს მეტოქეს, რომელსაც ეს 11 ფეხბურთელი კარგად ეყოლება შესწავლილი“.
„რა თქმა უნდა, ეს გასათვალისწინებელია, რომ მეტოქე სწავლობს ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთელებს, მათ თამაშს, შესაძლებლობებს, მოქმედებებს და ურთიერთმოქმედებას. ეს გასაგებია. თუმცა მეორე მხარეა – ჩვენი გუნდი ხშირად რომ ცვლიდეს ტაქტიკას ან შემადგენლობას, ეს სხვა შემთხვევა იქნებოდა, მაგრამ ნაკრები ჩამოყალიბებულია შემადგენლობით და თამაშით, რამაც შედეგი მოგვიტანა. არა მგონია, რომ დიდი ცვლილება მოხდეს – ღმერთმა ქნას, რომ ყველა ჯანმრთელად იყოს.
მნიშვნელოვან თამაშებში, სადაც შედეგი გვჭირდებოდა და ერთ ბურთსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა მიზანს მიაღწია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სანიოლი შედეგზე ითამაშებს და, შესაბამისად, დიდი ცვლილებები არც თამაშში იქნება და არც შემადგენლობაში.
მოწინააღმდეგეს ჩვენი ნაკრები ისედაც ეყოლება შესწავლილი. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ და ფეხბურთელები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს თუ შეასრულებენ. თქვენ რაც თქვით, ეს გასათვალისწინებელია, მაგრამ შეთამაშებული შემადგენლობა და ათვისებული ტაქტიკა დიდი უპირატესობაა“.