საფეხბურთო ტაიმაუტი | „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი „დინამო თბილისის“ ბაზასთან აშენებულმა კორპუსმა გააოცა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელის, ავრაამ გრანტის სტუმრობა გაიხსენა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
„ჩვენი ბაზის გვერდით კორპუსი ააშენეს, რომლის გამოც მის სიახლოვეს მდებარე მოედანზე ვარჯიში არც ისე კომფორტული გახდა. სარჩელი კი შევიტანეთ სასამართლოში, მაგრამ მშენებლობის უფლება უკვე გაცემული იყო და არაფერი ეშველა.
„ჩელსის“ ყოფილი მწვრთნელი ავრაამ გრანტი რომ ჩამოვიდა, ყველაფერი დაათვალიერა და აღფრთოვანდა, მაგრამ ბაზასთან კორპუსის მშენებლობით გაოცებული დარჩა – რა უბედურებაა, ეს როგორ შეიძლებაო?
მარტში იქ ეროვნული ნაკრები ვარჯიშობდა და არა მგონია, რომ კომფორტული ყოფილიყო. იქვე მეორე კორპუსსაც აშენებენ, სარჩელი შევიტანეთ და იმედია, ამას ყურადღებას მიაქცევენ. მივმართავთ ისევ ქალაქის მერიას, მაგრამ თუ ეს კორპუსიც აშენდა, მაშინ ბაზაზე მეორე მოედანსაც გამოთიშავს.
თქვენ დროს (გადაცემის თანაწამყვანს, ვლადიმერ გუცაევს მიმართა) დიღმის ბაზასთან ახლოს ხუთსართულიანზე მაღალ კორპუსს არავინ აშენებდა, დისკომფორტი რომ არ შეექმნა, ახლა კი უკვე ოცსართულიანი კორპუსები შენდება“, – განაცახდა „დინამოს“ პრეზიდენტმა.