საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

17:32, 15.07.2019

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ამასთან, სავარაუდოდ დღესვე დაცვის მხარე მოითხოვს, ოთხ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.

მ​ატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელიდან ოთხს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდი ფეხბურთელი კი 10 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა.

სპორტსმენებს ბრალი მიმდინარე წლის 21 მაისს წაუყენეს.

სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად კი სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

მსგავსი