საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ სამწვრთნელო შტაბში მნიშვნელოვანი ცვლილებაა, სეზონის დასკვნით ნაწილში გუნდს 34 წლის ლევან ჯოხაძე უხელმძღვანელებს – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლევან ჯოხაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია – მას უმუშავია „დინამო თბილისის“ აკადემიისა და „დინამო-2“-ში, ცხინვალის „ლიახვში“, „თელავში“, „სამტრედიასა“ და ტყიბულის „მეშახტეში“, როგორც ასისტენტის, ასევე მთავარი მწვრთნელის პოზიციებზე.
ლევან ჯოხაძე უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიას ფლობს და მიმდინარე წლის სექტემბერში მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის, Pro ლიცენზიის სასწავლო კურსში უნდა ჩართულიყო. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო კურსი მომავალი წლისთვის გადაიდო.
ახალმა მთავარმა მწვრთნელმა „ზესტაფონს“ ბაღდათის „საირმესთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში უკვე უთავკაცა. მარგველთა მთავარი მწვრთნელის რანგში კი ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით ჩასატარებელ სადებიუტო შეხვედრას 5 ნოემბერს გამართავს, როდესაც იმერლები ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე” სენაკის „ეგრისს“ უმასპინძლებენ.
„ზესტაფონი” საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, რომელიც 2015 წელს დაიშალა. გუნდი 2018 წელს აღადგინეს და თამაში ქვედა ლიგიდან დაიწყო – ამჟამად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ლიგაში ასპარეზობს.