საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების საკანონმდებლო დონეზე ასახვას ითვალისწინებს.

„გადავდივართ მნიშვნელოვან თემებზე, ეს არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. საქართველოს ორგანული კანონები საერთო სასამართლოების შესახებ. ცვლილებები არის ინიცირებული ჩვენი კოლეგების მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არის ინიციატორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, ჩვენს საზოგადოებას რომ ავუხსნათ, ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ასახვას უკვე საკანონმდებლო დონეზე. შესაბამისად. გარდა იმისა. რაც პარლამენტმა უკვე გააკეთა, ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა სასამართლოების შესახებ კანონში. კონკრეტულად, შეიქმნა გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცესი კანდიდატურების პარლამენტში განხილვის. შესაბამისად, ამ მიმართულებით უფრო უმჯობესდება სტანდარტი და ამჯერად შედის ცვლილებები, რაც ვენეციის კომისიას ჰქონდა თავის რეკომენდაციებში მოცემული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძე ამბობს, დღის წესრიგშია კიდევ ერთი საკითხი, რომელიც 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევას გულისხმობს.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი დემოკრატიის გაძლიერებისა და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიმართულებით თავის ვალდებულებას ასრულებს. თალაკვაძე იმედოვნებს, რომ დასახელებული კონსტიტუციური ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსაც შეუწყობს ხელს.

„მეორე მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში გახლავთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტში, კერძოდ გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბარიერის დაწევას სამ პროცენტამდე. ეს ინიციატივაც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. ეს ორი საკითხი გახლავთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც თვეების განმავლობაში პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო. როგორც ხედავთ, პარლამენტს და ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება, ჩვენ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვალდებულებას ვასრულებთ დემოკრატიის გაძლიერების და იმ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელების მიმართ, რომელზეც გვქონდა საჯაროდ პირობა დადებული. იმედი მაქვს, ეს ორი ცვლილება მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დაეხმარება. თავისი არსით ეს ცვლილებები არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საუბრის საგანი, არამედ ეს რეფორმები გახლავთ ჩვენსა და მოქალაქეებს შორის შეთანხმების საგანი, ასევე ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის საგანიც. დიდი იმედი მაქვს, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, შემდეგ შეფასებებში ეს ცვლილებები ასევე იქნება სათანადოდ შეფასებული და პოზიტიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი