საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა ​ფოლკლენდის კუნძულებთან ნავთობის მოპოვების შეჩერებაზე არგენტინას უარი უთხრა

17:53, 28.11.2026

არგენტინის მცდელობა, ფოლკლენდის კუნძულებთან ახლოს ნავთობის საძიებო სამუშაოები შეეჩერებინა, უშედეგოდ დასრულდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, გაერო-ს მხარდაჭერით მოქმედმა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა (ITLOS) ქვეყნის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ოფიციალური ბუენოს აირესი ფოლკლენდის კუნძულებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მათ კუთვნილებასთან დაკავშირებით გაერთიანებულ სამეფოსთან ხანგრძლივი ტერიტორიული დავა აქვს. სწორედ ამ დავის გამო იწვევს არგენტინის უკმაყოფილებას კუნძულების სიახლოვეს დაგეგმილი ნავთობის მოპოვების პროექტი.

საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის პრეზიდენტის განცხადებით, არგენტინის მოთხოვნის დაკმაყოფილებას 18-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, ხოლო სამი წევრი მის სასარგებლოდ გამოვიდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედ მილიბენდმა და გენერალურმა პროკურორმა, ელი რივზმა არგენტინას მოუწოდეს, „შეეწყვიტა უფრო ფართო ეკონომიკური ზეწოლა“ კუნძულების წინააღმდეგ.

ოფიციალური ლონდონი აცხადებს, რომ ფოლკლენდის კუნძულები გაერთიანებულ სამეფოს ეკუთვნის. ბრიტანეთის ხელისუფლების შეფასებით, პროექტის შეჩერებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი ეკონომიკური გავლენა იქონიოს როგორც კუნძულების მოსახლეობაზე, ისე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებულ კომპანიებზე.

„ბიბისის“ ცნობით, ფოლკლენდის კუნძულებიდან დაახლოებით 209 კილომეტრში მდებარე „ზღვის ლომის“ ნავთობის საბადო დაახლოებით 1.7 მილიარდ ბარელ ნავთობს შეიცავს.

ტრიბუნალის გადაწყვეტილებას არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფოლკლენდის კუნძულები არგენტინის საკუთრებაა. მილეის თქმით, ქვეყანა პატივს სცემს ტრიბუნალის გადაწყვეტილებას და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში საკუთარი უფლებების დაცვას გააგრძელებს. ამასთან, არგენტინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტერიტორიულ დავაში საბოლოო სიტყვა არ არის.

ცნობისთვის, ფოლკლენდის კუნძულები ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში, არგენტინის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შედის. კუნძულების კუთვნილების გამო 1982 წელს ბრიტანეთსა და არგენტინას შორის 74-დღიანი ომი გაიმართა, რომლის დროსაც გაერთიანებულმა სამეფომ კუნძულებზე კონტროლი შეინარჩუნა.

2013 წელს ფოლკლენდის კუნძულებზე ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილე 1 517 ამომრჩევლიდან 1 513-მა ხმა მისცა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიის შემადგენლობაში დარჩენას.

მსგავსი