საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ძალაში ტოვებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტი იქნება. ამის შესახებ ფონდის მიერ საქართველოში მისიის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.

„საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი კვლავ მდგრადია. მიუხედავად შედარებით ნაკლებად მხარდამჭერი ეკონომიკური გარემოსი, 2019 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობა დაგეგმილზე პოზიტიური იყო – დაახლოებით ხუთი პროცენტის ფარგლებში. აგვისტოს მონაცემებით, გაზრდილი ინფლაცია (წლიური 4.9 პროცენტი) გამოწვეულია აქციზის გადასახადის ზრდით, სურსათზე გაზრდილი ფასებითა და ლარის გაუფასურებით“, – განაცხადა სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ფონდის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 5.4 პროცენტი იქნება. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება და ექვს პროცენტს შეადგენს.

სსფ-ს მისია საქართველოს 11-17 სექტემბერს სტუმრობდა. გაიმართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.