საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება.

ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2018-2023 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები განაახლა. საქართველოსთვის შეფასება ასეთია – ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 4.5 პროცენტი, 2019 წლისთვის 4.8 პროცენტი, 2020 წლისთვის 5 პროცენტი, 2021-2023 წლებში  – 5.2 პროცენტი.

აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს.

მაგალითად, თუ საქართველოს ეკონომიკა 2018-2020 წლებში მთლიანობაში 14.3 პროცენტით გაიზრდება, თურქეთში ეს მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენს. მოლდოვაში ეკონომიკური ზრდა 11.1 პროცენტი იქნება, სომხეთში – 10.4 პროცენტი, უკრაინაში – 10 პროცენტი, აზერბაიჯანში – 9.5 პროცენტი, ბელარუსში – 7.2 პროცენტი, რუსეთში კი – 4.7 პროცენტი.

2018-2023 წლების შეფასებაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 29.9 პროცენტს აღწევს. შედარებისთვის, თურქეთში ეს მაჩვენებელი 22.8 პროცენტს შეადგენს.

ტრადიციულად, მაღალია ეკონომიკური ზრდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მათგან 2018-2023 წლებში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები თურქმენეთსა და უზბეკეთშია, საქართველოზე ნაკლები ზრდა კი,  ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და ყაზახეთშია ნავარაუდევი.