საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტიან ნიშნულზე ტოვებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 4.6 პროცენტიან ნიშნულზე დატოვა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალ, აპრილის ანგარიშშია (WorldEconomicOutlook) ნათქვამი.

სსფ-მ მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.6 პროცენტამდე ფონდის მისიის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, თებერვალში დაწია.

სავალუტო ფონდის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 5-პროცენტიან ნიშნულს 2020 წელს დაუბრუნდება. წლიური ინფლაცია კი, 2019 წელს 2.5 პროცენტი, 2020 წელს 3 პროცენტი იქნება.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში სუსტი იქნება, მეორე ნახევარში კი, დაჩქარდება, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების რიგი ინიციატივების გამო, როგორიცაა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პასუხი მზარდ გლობალურ რისკზე. სარეზერვო სისტემამ საბაზისო განაკვეთის ზრდა შეაჩერა და მიანიშნა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთის ცვლილებას არ გეგმავს.

მთლიანობაში 2019 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3.3 პროცენტი იქნება.

ამასთან, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მსოფლიო ბანკმაც 5 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე შეამცირა.

 

ავტორი: ნინო ტაბატაძე