საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული, თუმცა საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა მტრულმა რიტორიკამ და არაავთენტურმა ქცევამ ინტერნეტში
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული, თუმცა საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა მტრულმა რიტორიკამ და არაავთენტურმა ქცევამ ინტერნეტში

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყო კონკურენტული, თუმცა საარჩევნო კამპანიას ჩრდილი მიაყენა მტრულმა რიტორიკამ და არაავთენტურმა ქცევამ ინტერნეტში, – ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.

როგორც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ორგანიზაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მონაწილეები აღნიშნავენ, რუმინეთის განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნების ძლიერ კონკურენტულ მეორე რაუნდში შეკრებისა და გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა ცილისმწამებლური რიტორიკა, მიკერძოებული მედია და მუდმივი არაავთენტური ქცევა ინტერნეტში, რეგულაციის ხარვეზებსა და ინსტიტუტების ფრაგმენტულ რეაგირებასთან ერთად, ზღუდავდა ამომრჩევლების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და აისახა საზოგადოების ნდობაზე.

სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურისთვის ტექნიკური მზადება იყო პროფესიონალური და ეფექტიანი, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში არასაკმარისი გამჭვირვალობის მიუხედავად. საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს საარჩევნო პროცესის ძირითად ასპექტებს. თუმცა მეორე ტურისთვის კამპანიის, კამპანიის დაფინანსებისა და მედიის გაშუქების წესები ბუნდოვანია ან არასაკმარისად დეტალურია, რაც ზოგჯერ იწვევს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მხრიდან არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციას, ასევე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის ნაკლებობას. ხმის მიცემის დღე იყო ზოგადად მშვიდი, კარგად ორგანიზებული და პროფესიონალურად წარმართული, თუმცა იყო ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებები კვლავაც დაცული იყო, თუმცა საარჩევნო კამპანიის გარემო პოლარიზებული იყო და ხასიათდებოდა კანდიდატების მიმართ უარყოფითი, მტრული რიტორიკით, რომელიც ხშირად პერსონალური და აგრესიული იყო.

„გზავნილები ფოკუსირებული იყო „ეროვნულ“ და „ევროპულ“ ღირებულებებზე და ეკონომიკის, თავდაცვისა და სოციალურ საკითხებზე. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ორივე კანდიდატი გააშუქა საკმაოდ დაბალანსებულად და ნეიტრალურად, მაგრამ კერძო არხების უმეტესობამ გამოიჩინა მიკერძოება. კამპანიის ახალი ამბების შეზღუდულმა გაშუქებამ და მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსიის ნაკლებობამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ამომრჩევლების ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უნარზე.

დაფიქსირდა დეზინფორმაციისა და არაავთენტური ქცევის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. პლატფორმებმა პროაქტიულად წაშალეს ზოგიერთი მასალა ინტერნეტში, მაგრამ ბევრი დარჩა ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში.

თავის მხრივ, ხელისუფლება საჯაროდ გამოეხმაურა დეზინფორმაციის შემთხვევებს და განიხილა უამრავი საჩივარი, რომლებიც დაკავშირებულია ონლაინკამპანიასთან. მიუხედავად ამისა, პლატფორმებისა და ხელისუფლების შეზღუდული შესაძლებლობები, საკმარისი რეაგირება მოეხდინათ მსგავს ქცევაზე, ნეგატიურად აისახა საზოგადოების ნდობაზე.

რუმინეთში 18 მაისს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა. შედეგების მიხედვით, ნიკუშორ დანმა ხმების 54,34 პროცენტი მიიღო, ხოლო ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა – 45,66 პროცენტი.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 44 დამკვირვებლისგან 19 ქვეყნიდან.