საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებში საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა თავიდან დაკომპლექტდება. როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, დეგაციების შემადგენლობაზე მმართველი გუნდი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
„რამდენიმე მონახაზია, რომელსაც შეუძლია, ამ ფუნქციას თავი გაართვას. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობას გავაგრძელებთ. დელეგაციებში წარვადგენთ კანდიდატურებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო დელეგაციების წევრების გადანაწილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოუწევს.
მმართველ გუნდს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეცვლა მოუწევს, მათ შორის დელეგაციის ხელმძღვანელის.
კერძოდ, დღეის მდგომარეობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილის გარდა, „ქართულ ოცნებას“ დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნინო გოგუაძისა და სოფო ქაცარავას ჩანაცვლებაც მოუწევს, რადგან ნინო გოგუაძემ უმრავლესობა დატოვა, სოფო ქაცარავამ კი, საპარლამენტო მანდატზე თქვა უარი.
ასევე, მმართველ გუნდს მოუწევს დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის შეცვლაც, რადგან სათადარიგო წევრები იყვნენ ირინე ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა, რაც კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას უკავშირდება.