საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მონაწილე სპორტსმენებს შეხვდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი პიონჩანგში გამართულ წარმომადგენლობით შეხვედრაზე ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მონაწილე 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდა.

ზამთრის სახეობების სპორტსმენთა დახმარების პროგრამაში ჩართული იყო ოთხივე ქართველი ოლიმპიელი, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ სოლიდურ სტიპენდიას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით, მათ უშუალოდ პიონჩანგში უმაღლესი ხარისხის საშეჯიბრო ფორმები გადაეცათ.
ბენიფიციართა შორის არის ჩვენი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც თანაგუნდელ იასონ აბრამაშვილთან და სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროს რუსუდან აფციაურთან ერთად პიონჩანგში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

წიკლაურმა ოლიმპიელთა სახელით მადლობა გადაუხადა ოლიმპიური სოლიდარობის მმართველ გუნდს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს სპორტსმენების მხარდაჭერისთვის.
თომას ბახმა წიკლაურს აქტიურობა მოუწონა და აღნიშნა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობებია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებით კი ქვეყნის ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს.

ბახმა გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ლოზანაში სოკი-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრა, სადაც საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.