„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევა წარადგინა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვლევა წარადგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მოამზადა კვლევა თემაზე: „საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები – ძირითადი მონაცემების ანალიზი და კორუფციის რისკები“. კვლევა ორგანიზაციამ დღეს მედიას წარუდგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. ორგანიზაციის ცნობით, კვლევის მიზანი იყო დაედგინა, კორონავირუსით გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.

„საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც. ყველაზე მეტი – 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან, 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.

სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის: შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულო ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული, შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული. პაატა კოკაიას კუთვნილმა ოთხმა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. შპს „ეიბიემმა“ 3.1 მლნ ლარის ხუთი კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული. შპს Weekend-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა. შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტრაქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს.

„მათ შორის არის ორი ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“. გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე – 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე – 17.9 მლნ ლარი. მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციების თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს; სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს; გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი; საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს.