„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 1 ივლისიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდს.

ორგანიზაციის ცნობით, საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულმა დაკვირვებამ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტი გამოკვეთა:

„სექტემბრის მეორე ნახევრიდან გახშირდა ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებზე ჯგუფური ძალადობის რამდენიმე ფაქტი. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დაწყებული იყო გამოძიება 59 საქმეზე, რომლებიც არჩევნებთან ამა თუ იმ ფორმით შეიძლება იყოს დაკავშირებული. 6 საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო დანარჩენ 53 შემთხვევის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. ამ 53 საქმიდან 9 საქმეში გარკვეული პირები უკვე მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. გამოძიებულ საქმეთა დაბალი მაჩვენებლის გამო, სამინისტრო ხშირი კრიტიკის სამიზნედ იქცა.

საკუთრების დაზიანება (7 შემთხვევა): სექტემბრის მეორე ნახევრიდან ასევე გახშირდა პოლიტიკური პარტიების ოფისების, სატრანსპორტო საშუალებების, სააგიტაციო მასალის და სხვა ტიპის ქონების დაზიანების შემთხვევები. ასეთი ფაქტების გამოძიების მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანი იყო, ვიდრე ძალადობის საქმეების გამოძიებისას.

სამსახურიდან გათავისუფლება (3 შემთხვევა): საანგარიშო პერიოდში, ასევე, გავრცელდა რამდენიმე ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს: წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად წარმოჩინდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგელებელყოფით დანიშნა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა.

საგამოძიებო უწყებების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა კონკრეტული გამოძიების გამოყენების გზით. კერძოდ, 7 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალად საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედების განხორციელება დასდო. გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება საარჩევნო მიზნებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიში მოიცავს სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების  და ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიმართულებით გამოკვეთილ საკითხებს.

„2020 წელს შეიცვალა პარლამენტის საარჩევნო სისტემა, საკანონმდებლო რეფორმა, ასევე, შეეხო სხვა საკითხებსაც, რომლებიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ძირითადად დადებითად შეაფასა. თუმცა, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ დარჩა რამდენიმე ისეთი ძირითადი პრობლემა, რომელიც მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და რომელთა გამოსწორების პოლიტიკური ნება ხელისუფლებამ არ აჩვენა. ასეთ საკითხებს მიუკუთვნება:

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების არასამართლიანი წესი და პროფესიული ნიშნით კომისიის წევრების შერჩევის არასათანადო პროცედურა.
გარდა ამისა, გარკვეული კითხვები გააჩინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „კორონავირუსით” ინფიცირებული პირების, ასევე, კარანტინში და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის რეგულირებამ.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების აგიტაციაში გამოყენება: ტენდენციის სახე ჰქონდა მმართველი პარტიის საარჩევნო კანდიდატების მხრიდან სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სხვადასხვა საჯარო თუ კერძო პროექტის მონახულების პრაქტიკას. ასეთი შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდებოდა და წინასაარჩევნოდ ხელს არ უწყობდა სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის მკაფიო ზღვრის არსებობას.

საჯარო მოსამსახურეთა მობილიზება: წინა არჩევნების მსგავსად, აღსანიშნავი იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება.
უკანონო აგიტაცია: ასევე, ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ უკანონო აგიტაციის რამდენიმე შემთხვევას. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება – 2020 წელს არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსი“. რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია „კორონავირუსის” გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი 20-მდე სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა, რომლებსაც საარჩევნო გარემოზეც ექნებოდა დიდი გავლენა. ამ ინიციატივებს შორის იყო რამდენიმე პროექტი, რომელიც, ცალსახად საარჩევნოდ მოტივირებული ხარჯების კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ, კერძოდ: 1) თავდაცვის სამინისტროს მიერ გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ არსებული ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერა; 2) თბილისის მერიის მიერ 87 ოჯახისთვის იმ ბინების დაკანონება, რომელშიც ისინი მანამდე, წლების განმავლობაში, ცხოვრობდნენ; და 3) დევნილთა სააგენტოს მიერ ქუთაისში, ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილებისთვის ბინების გადაცემის დაპირება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაცია გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:  წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები;

შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად და ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;

საჭიროა, საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება.

უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკური პარტიების აქტივისტების ამ თანამდებობებზე დანიშვნის შანსებს;

პროკურატურა მაქსიმალურად დისტანცირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესებიდან და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნით რომელიმე პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისთვის;

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;

აუცილებელია, რომ საარჩევნო კომისიებმა სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო აგიტაცია აღიქვან კანონის დარღვევად და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები;

ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი