„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

11:26, 19.06.2020

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს სახელწოდებით, „არჩევნები და პოლიტიკაში მონაწილეობა“.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში საჭიროა ახალი პოლიტიკურ ძალის გამოჩენა.

კვლევაში კითხვა იყო დასმული, რამდენად იცოდნენ რესპონდენტებმა 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად. გამოკითხულთა 64% ინფორმირებული იყო ამ ამბის შესახებ. 64%-დან უმრავლესობა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება ან მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას.

კვლების ფარგლებში დასმული იყო კითხვა, რიგითი ამომრჩეველი როგორ აფასებს არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების როლს ქვეყნის განვითარებაში, გამოკითხულთა ⅔ საკუთარ როლს კარგად აცნობიერებს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩევნებში მისი მონაწილეობით მაინც არაფერი შეიცვლება.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილობდნენ.

კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2 პროცენტული პუნქტია.

მსგავსი