„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა, ხოლო საარჩევნო კამპანია წარმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაცია ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გივი მიქანაძის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ოზურგეთის საოლქო კომისიაში წარდგენილ საჩივარს ეხება.

„ვეხმიანებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საჩივარს.

საჩივარი ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას ეხება. საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება. ბრიფინგზე, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნორმის შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა იქვე თავადვე დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე წარმომადგენელიც. საჯარო სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომელთა შეხვედრაზე ყოფნა, სულ მცირე იმას ცხადყოფს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საჩივარი სრულიად საფუძვლიანია და ის საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან შესწავლას და კანონისმიერ რეაგირებას საჭიროებს.

შემაშფოთებელია, რომ საჩივრის განხილვის დასრულებამდე, მმართველი პარტია ბრიფინგზე აჟღერებს კანონის მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას, რაც საოლქო საარჩევნო კომისიამ შესაძლოა, პირდაპირ ინსტრუქციად ჩათვალოს მაშინ, როდესაც კვლავაც არსებობს კითხვები საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე. ასევე, ჩვენთვის მიუღებელია მმართველი პარტიის საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო სტანდარტთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეწყვიტოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობა, ხოლო საარჩევნო კამპანია წარმართოს კანონმდებლობის სრული დაცვით“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდებს, საარჩევნო ღონისძიებებს მეტი ყურადღებით დააკვირდნენ და არ დაუშვან მოვლენების არასწორი ინტერპრეტირება, რამაც შეიძლება საარჩევნო გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.