საელჩოებში საეჭვო ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი ავსტრალიაში დააკავეს
საელჩოებში საეჭვო ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი ავსტრალიაში დააკავეს

ავსტრალიაში დიპლომატიური უწყებების მისამართზე საეჭვო ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ოპერაცია ვიქტორიას შტატში, ქალაქ შეპარტონში ჩატარდა.

48 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში აიყვანეს. ის მელბურნში სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.

პოლიციის ცნობით, საეჭვო ამანათების გაგზავნის მოტივი ჯერ უცნობია. გამოძიება გრძელდება. ეჭვმიტანილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავსტრალიის ქალაქებში, მელბურნში, კანბერასა და სიდნეიში 9 იანვარს სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებისა და საკონსულოების მისამართზე საეჭვო ამანათები მივიდა. საერთო ჯამში 38 ამანათი გაიგზავნა. ამის გამო, დიპლომატიურ უწყებებში თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
სამიზნეებს შორის აღმოჩნდნენ დიდი ბრიტანეთის, ეგვიპტის, ინდოეთის, ესპანეთის, იტალიის, იაპონიის, ახალი ზელანდიის, პაკისტანის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიისა და ჩინეთის დიპლომატიური უწყებები.

პოლიციის ინფორმაციით, ამანათებში საეჭვო წარმომავლობის თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული. ამჟამად ნივთიერებას სპეციალისტები სწავლობენ.