სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრს, ლევან ჯღარკავას დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლოში გამოკითხავენ
სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ წევრს, ლევან ჯღარკავას დავით გარეჯის საქმეზე დღეს სასამართლოში გამოკითხავენ

საქმის არსებითი განხილვა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. ბრალდების მხარის პირველ მოწმედ სხდომაზე სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრი ლევან ჯღარკავა გამოიკითხება.

საქმის პროკურორის ინფორმაციით, 2006-2008 წლებში ის კომისიის წევრი იყო, თუმცა თანამდებობა მხოლოდ ფორმალურად ეკავა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ იყო ჩართული. კითხვაზე, მიზანმიმართულად ხდებოდა თუ არა მისი პროცესისგან ჩამოშორება, პროკურორი ამბობს, რომ ეს საკითხი უკვე სხვა გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დადგინდება.

„დაიკითხება ერთი მოწმე, რომელიც 2006 წელს იყო კომისიის წევრი. მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მოკლე შინაარსი არის რომ, მისი ამ კომისიაში საქმიანობა ერთგვარ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 2006-2008 წელს იყო კომისიის წევრი, რომელსაც აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებული საქმიანობა უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეს მოწმე რეალურად არ იყო ჩართული. არც დოკუმენტაციაზე არ იყო ხელმომწერი. რეალურად კომისია საქართველოს საზიანოდ ათანხმებდა ისეთ საკითხებს, რომ კომისიის ყველა წევრი ამ განხილვებში არ მონაწილეობდა. ასეთი შინაარსის მოწმეთა ჩვენებები ასევე მნიშვნელოვანია დოკუმენტებთან და ელექტრონულ ინფორმაციასთან მიმართებაში“, – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

ერთ-ერთი ბრალდებული ივერი მელაშვილი კი აცხადებს, რომ საქმე უსაფუძვლოდ აღიძრა და ეს შესაძლოა პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდეს.

„არ ვიცი, დღეს ვის მოიყვანენ გამოკითხვაზე, მაგრამ ყველას მიმართ გაგვაჩნია კითხვები. ჩვენ მომზადებულები ვართ. ნამდვილად დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში, მოწმეების ჩვენებებიც წაკითხული გვაქვს და რაიმე საფუძვლიანს რომ ემყარებოდეს, ასეთი არ არის.თავიდანვე ვთქვი, რომ საქმე უსაფუძვლოდ აღიძრა.

საქმიდან გამომდინარე იმდენად ნათელია ყველაფერი, რომ ამას პრინციპში დიდი გაჭიანურება არ სჭირდება, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ჭიანურდება და იწელება დროში. მე პოლიტიკიდან შორს ვარ, მაგრამ ალბათ უფრო პოლიტიკურია ეს საქმე. ამ საქმის წამოწყება იყო პოლიტიკური ნიშნით და ალბათ დროში რომ გაიწელოს, ალბათ გამომდინარეობს მაგ მიზნებიდან“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

საერთო ჯამში, საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში ასზე მეტი მოწმეა, მათ შორის როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამდებობის პირები. პროკურორის ინფორმაციით, ყველა მოწმე დაიკითხება, ვინც რელევანტურ ინფორმაციას ფლობს.