სადებიუტო მატჩი „სლოვანში“ - კაშიამ და კანკავამ ვაისის გუნდს ავსტრიელებთან მოაგებინეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბრატისლავას „სლოვანმა“ სეზონისთვის მზადება დაიწყო და გუნდს ქართველი ახალწვეულები – გურამ კაშია და ჯაბა კანკავაც შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და კაპიტანმა მცირე ხნის წინ ერთწლიანი კონტრაქტები გააფორმეს „სლოვენთან“, რომელიც ახლახან „ჯვაროსნების“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა.
ბრატისლავას „სლოვანმა“ პირველი ამხანაგური მატჩი ობერვარტში ავსტრიულ კლუბ „კაპფენბერგერთან“ გამართა და 4:1 დაამარცხა. ვლადიმერ ვაისმა მეორე ტაიმში ძირითადი შემადგენლობა შეცვალა და ამ დროს შეუშვა მოედანზე გურამ კაშია და ჯაბა კანკავა. კანკავამ 54-ე წუთზე წამოიწყო ძალიან ეფექტური საგოლე შეტევა, რომელიც ალენ მუსტაფიჩმა გააგრძელა და მეკარესთან პირისპირ დავით ჰნჩარი დატოვა, მან კი მეტოქის კარი მესამედ აიღო.
რაც შეეხება „კაპფენბერგს“, ავსტრიული კლუბის შემადგენლობაში პირველი ტაიმი ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ლევან ელოშვილმა, რომელმაც ეს-ესაა კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააგრძელა.
„სლოვანი“ მომდევნო საკონტროლო მატჩს ხუთშაბათს, 24 ივნისს რუსულ „ორენბურგთან“ გამართავს, ხოლო შაბათს, 26 ივნისს – ავსტრიულ „ადმირა ვაკერთან“.
ქართველების გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონია და ევროსეზონს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის ჩემპიონ „შემროკ როვერსს“ დაუპირისპირდება – 7 ივლისს შინ, ხოლო 14 ივლისს – სტუმრად ითამაშებს.
„სლოვანი“ ტრადიციული კლუბია, რომელიც 1919 წელს დაარსდა. სლოვაკეთის ჩემპიონი 15-ჯერ გახდა, სლოვაკეთის თასი 17-ჯერ მოიგო, ხოლო სლოვაკეთის სუპერთასი – 4-ჯერ. ბოლო სეზონზე დუბლი შეასრულა და ჩემპიონობასთან ერთად, თასიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 1969 წელს „სლოვანმა“ თასების მფლობელთა თასი მოიპოვა, რომელსაც 12 წლის შემდეგ თბილისის „დინამო“ დაეუფლა.