ორგანიზაციამ „სპორტი განვითარებისთვის – საქართველო“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც მსოფლიოში სპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებაზეა ლაპარაკი.
„მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის პანდემია ნელ-ნელა ცხრება და სახელმწიფოები შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ. შემსუბუქება სპორტულ აქტივობაში მონაწილეობასაც ეხება. სპორტისა და კულტურის საერთაშორისო ასოციაციამ მოამზადა მიმოხილვა, რომელშიც ასახულია (4 მაისის მდგომარეობით) 47 სახელმწიფოში სპორტთან მიმართებაში აკრძალვების შემსუბუქების მასშტაბი და ვადები და რამდენიმე ქვეყნის მაგალითი შემოგვთავაზა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობა წარმოადგინოს შესაბამისი გეგმა/სქემა, რომელშიც განსაზღვრული იქნება მასობრივ და პროფესიულ სპორტში სრულფასოვანი ვარჯიშებისა და ჩემპიონატების აღდგენის ეტაპები“ – ვკითხულობთ წერილში.
ალბანეთი
შეზღუდვების შემსუბუქება 27 აპრილიდან დაიწყო, რაც სპეციალურად განკუთვნილ ზონებში (შეზღუდული დროით, მაქსიმუმ ორი ადამიანი) სეირნობის დაშვებას ითვალისწინებდა.
ავსტრია
ღია ცისქვეშ ვარჯიშები და არაკონტაქტური სპორტული (მაგალითად, გოლფი, ჩოგბურთი) აქტივობები ნებადართულია 1 მაისიდან.
ბულგარეთი
სარეკრეაციო ზონებში (პარკი, სკევერები) გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ დროის კონკრეტულ მონაკვეთში ძაღლების მეპატრონეებისთვის და 12 წლამდე ბავშვებისთვის (თანმხლებ ორ პირთან). კვლავ აკრძალულია/დაკეტილია ღია და დახურული სპორტული ობიექტები.
ჩეხეთი
7 აპრილიდან ნებადართულია ინდივიდუალური ვარჯიში და სპორტული აქტივობა. 23 აპრილიდან დაშვებულია ჯგუფური ვარჯიშები (მაქსიმუმ ათი პირის მონაწილეობით).
ესტონეთი
კარანტინის განმავლობაში ნებადართული იყო ინდივიდუალური ვარჯიშები ღია ცისქვეშ (მაქსიმუმ ორი ადამიანისთვის).
დანია
ინდივიდებისთვის, ათკაციანი ჯგუფებისთვის და წყვილებისთვის ნებადართულია ვარჯიში ღია მოედნებზე.
ფინეთი
4 მაისს ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა შემსუბუქების „ჰიბრიდული“ სტრატეგია. გეგმის მიხედვით, 14 მაისიდან ქვეყანაში გაიხსნება ღია ტიპის სპორტული ობიექტები, ხოლო პროფესიული სპორტული შეჯიბრებები 1 ივნისიდან დაიწყება. ასევე, 1 ივნისიდან ეტაპობრივად მოიხსნება აკრძალვები დახურული ტიპის ობიექტებისთვის. კვლავ იმოქმედებს აკრძალვა მასობრივ თავშეყრასთან დაკავშირებით, ნებადართული იქნება მაქსიმუმ 50 ინდივიდის შეკრება.
უნგრეთი
შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო 4 მაისიდან. მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთათვის ვარჯიში ნებადართულია „დახურული კარების“ მიღმა. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია შეჯიბრებების აღდგენა, რომლებიც მაყურებლის გარეშე გაიმართება.
იტალია
ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება 4 მაისიდან დაიყო. მოქალაქეებს მიეცათ სეირნობის და ვარჯიშის უფლება (ღია ცისქვეშ). სატრენაჟორო დარბაზების გახსნა დაგეგმილია 1 ივნისიდან.
ნორვეგია
7 მაისიდან ნებადართულია შეკრებები და სპორტული აქტივობა საჯარო სივრცეებში (მაქსიმუმ 50 ადამიანის მონაწილეობით, ერთმეტრიანი დისტანციის დაცვით)
შვედეთი
ღია ცისქვეშ ვარჯიში ნებადართულია ყველასთვის. ნებადართულია ღია და დახურული სპორტულ ობიექტებზე ვარჯიში (მაქსიმუმ 50 ადამიანის მონაწილეობით). 70-წელს გადაცილებული ადამიანებისთვის რეკომენდირებულია არ მიიღონ მონაწილეობა აქტივობებში, რომელიც დახურულ სპორტულ ობიექტებზე იმართება.
უკრაინა
კარანტინი ძალაშია 22 მაისამდე. 11 მაისიდან დაგეგმილია შეზღუდვების შემსუბუქება, კერძოდ გაიხსნება პარკები, სკვერები და სარეკრეაციო ზონები. ეროვნული ნაკრები გუნდებისთვის (ინდივიდუალური და გუნდური) დაშვებული იქნება ვარჯიში. ამჟამად ღია ცისქვეშ ვარჯიში აკრძალულია.
ავსტრალია
ღია ცისქვეშ ვარჯიში არ იყო აკრძალული.
აშშ
ქვეყნის მასშტაბით აკრძალვების შემსუბუქება არაერთგვაროვანია და დამოკიდებულია შტატების მთავრობის გადაწყვეტილებებზე, მაგალითად: ტენესის შტატში სატრენაჟორო დარბაზები 1 მაისიდან გაიხსნა, ილინოისის შტატში კი სატრენაჟორო დარბაზები – 24 აპრილიდან.