საჩოგბურთო ანგარიში ბრიანსკში - დავითაშვილმა სათასო მატჩში გაიტანა #1TVSPORT
საჩოგბურთო ანგარიში ბრიანსკში - დავითაშვილმა სათასო მატჩში გაიტანა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის თასზე გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ეს იყო ელიტარული ჯგუფური რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც ქართველის გუნდმა, ტულას „არსენალმა“ პირველი ლიგის მეტოქეს აჯობა და მესამე ჯგუფში ცხრილის სათავეში მოექცა.

ბრიანსკში „არსენალი“ ადგილობრივ „დინამოს“ დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა. სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და შესვენებამდე სოლიდური სხვაობით დაწინაურდნენ 4:1.

ზურიკო დავითაშვილი „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ტულას გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, ის სტუმართა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, მე-7 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 58-ე წუთზე ბრიანსკის „დინამოს“ მეხუთე გოლი გაუტანა.

„არსენალმა“ ამ მოგებით გაიმეორა კლუბის რეკორდი სათასო მატჩებში – 1993 წლის მაისში, ტულაში „არსენალმა“ კურსკის „ავანგარდს“ ასევე ექვსი გოლი გაუტანა. ჯგუფური ტურის ფინალურ მატჩში მიოდრაგ ბოზოვიჩის გუნდი 27 ოქტომბერს მოსკოვის „ველესთან“ ითამაშებს.