საბურთალოს ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - ლიდერმა დინამოს რვა ქულით გაასწრო
„საბურთალომ“ „რუსთავი“ 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალს კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა.
ეროვნულ საფეხბურთო ლიგის გათამაშების ლიდერმა შეხვედრა კარგად დაიწყო და უკვე მე-6 წუთზე დავით ვოლკოვის გოლით ანგარიში გახსნა 1:0. მე-10 წუთზე, „საბურთალოს“ ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა 2:0. 21-ე წუთზე რუსთაველთა გამოცდილმა მცველმა დავით კვირკველიამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 2:1.
ყველაფერი ტაიმის ბოლოს აირია. შეცვლაზე შესული „საბურთალოს“ მცველი ცოტნე ნადარაია მოედნიდან 13 წუთში გააძევეს. მან 29-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანი შეცვალა, 37-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 42-ეზე მეორედ და მოედნიდან გააძევეს.
კაცნაკლულმა „საბურთალომ“ დაცვაში დაიხია, „რუსთავმა“ კი მთელი ძალებით შეუტია და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. თუმცა, ორჯერ მწვავე კონტრშეტევა საბურალოელებმაც განახორციელეს. 90-ე წუთზე კი მოთამაშე რუსთაველებსაც გაუგდეს – ოთარ მარცვალაძემ წითელი ბარათი მოედანზე შესვლიდან 10 წუთში დაიმსახურა.
საბოლოოდ, „საბურთალომ“ 31 შეხვედრის შემდეგ 70 ქულა დააგროვა, გათამაშებას ლიდერობს და უშუალო კონკურენტ თბილისის „დინამოს“ (62 ქულა) ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გაასწრო, ხოლო „რუსთავმა“ 30 ქულით მე-7 ადგილი შეინარჩუნა.
თუმცა, „დინამოს“ ერთი მატჩი აქვს დარჩენილი – თბილისელები ხვალ მორიგ ქართულ კლასიკოს „ტორპედოსთან“ ქუთაისში ჩაატარებენ – შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას მეორე არხი 18:00 საათზე შემოგთავაზებთ.