„საბურთალოს“ მწვრთნელი - კარგი იქნება, თუ ხუთ ცვლილებას დაუშვებენ
„საბურთალოს“ მწვრთნელი - კარგი იქნება, თუ ხუთ ცვლილებას დაუშვებენ

უკვე ორი კვირაა, რაც „საბურთალომ“ ვარჯიში განაახლა. გუნდი ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება – საქართველოს სუპერთასის მფლობელი საკუთარ სტადიონზე, „ბენდელა არენაზე“ ვარჯიშობს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„საბურთალოს“ ყველა ვარჯიშამდე, მოთამაშეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ და კვლავ დისტანციურად ვარჯიშობენ. გუნდი მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე იმედოვნებს, რომ შეზღუდვები მალე მოიხსნება, რადგან მისი აზრით, 25 ივნისამდე გუნდის კარგად მომზადება გართულდება. ამას გარდა, მწვრთნელი ფიქრობს, რომ განახლებულ სეზონში კარგი იქნება, ფეხბურთის ფედერაცია თამაშების დროს ხუთი შეცვლის უფლებას თუ დაუშვებს.

„რა თქმა უნდა, ახლა ბევრი სირთულეა, რადგან გუნდურად და ბურთით ვერ ვვარჯიშობთ. ფიზიკური კონდიციების განვითარება აუცილებელია, მაგრამ გუნდურად თუ არ ვივარჯიშებთ და ამხანაგურ მატჩებს არ ჩავატარებთ, ფაქტობრივად, ასე ნორმალური საწვრთნელი პროცესი ვერც ჩატარდება“, – ამბობს „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე.

მისი თქმით, 25 ივნისამდე უკეთ მოსამზადებლად გუნდებს საკონტროლო მატჩების გამართვის უფლება უნდა დართონ: „თავიდან ვარჯიშები პატარა ჯგუფებით დავიწყეთ. სულ რაღაც 3 დღეა, რაც გუნდი ორ ჯგუფად გავყავით, მაგრამ ისევ ფიზმომზადებაზე ვვარჯიშებთ. გუნდური პროცესები არც დაგვიწყია. როგორ და როდის დაგვიშვებენ, ჯერ ესეც არ ვიცით. ამას ისიც ემატება, რომ ამხანაგური თამაშებია დასაგეგმი. ასეთ ვითარებაში ოპტიმალური მომზადებას როგორ შევძლებთ? ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგს გააკეთებენ, თუ ხუთ ცვლილებას დაუშვებენ. ბიჭები ფორმაში ნელ-ნელა უნდა შევიდნენ. მთავარია, რომ ტრავმები არ მიიღონ“.

დატოვე კომენტარი