„საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი - „შერიფთან“ თამაშისას ბეწვის ხიდზე გავიარეთ
ბეწვის ხიდზე გავიარეთ და ხალხი ძალიან ვანერვიულეთ, ამის გამო ყველას ბოდიშს ვუხდი, – განაცხადა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა ტირასპოლის „შერიფთან“ გამართული უმძიმესი განმეორებითი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე.
„პირველი შეხვედრისას სულ იმას ვცდილობდი, გუნდი ფსიქოლოგიურად განმეწყო და მეორე შეხვედრა პირველის მსგავსად მობილიზებულად ჩაგვეტარებინა. როგორც ჩანს, ეს მაინც ვერ შევძელი. ქვეცნობიერად, თავი უკვე შემდეგ ეტაპზე გასული გვეგონა და ამის გამო, კინაღამ დავისაჯეთ. გუნდმა მაინც მოახერხა თამაშის გარდატეხა და გოლის გატანა, მაგრამ ხალხი მაინც სხვაგვარ თამაშს ელოდა“, – ამბობს გია ჭიაბრიშვილი.
მისი აზრით, გუნდი შემდეგ ეტაპზე იმიტომ გავიდა, რომ ბოლო დროს ეროვნული ლიგის დონე გაუმჯობესდა.
„ეროვნული ლიგა მოლდოვას ჩემპიონატზე უკეთესი დონისაა და მოხშირებული დაძაბული თამაშები დაგვეხმარა, ეს ბარიერი რომ გავიარეთ. თორემ „შერიფს“ უკეთესი ბიუჯეტი და მოთამაშეთა შერჩევის მეტი საშუალება აქვს. ჩვენ უგუნდოებს ვიწვევთ ან ვის დამატებაშიც საფასური გადასახდელი არაა“, – აღნიშნა გია ჭიაბრიშვილმა.
მოლდოვაში ტირასპოლის „შერიფთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ანგარიშით 3:0-ის მოგების შემდეგ, „საბურთალო“ თბილისში მოლდოვას ჩემპიონთან პირველ 10 წუთში ანგარიშით 0:3-ით მარცხდებოდა და შემდეგ ეტაპზე მხოლოდ მეორე ტაიმში გატანილი გოლით გავიდა.