„საბურთალოს“ მეკარე ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა
„საბურთალოს“ მეკარე ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა

ლაზარე კუპატაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს – „საბურთალოსა“ და საქართველოს ნაკრების 24 წლის მეკარის ტრანსფერი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გუნდის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

„თბილისის „საბურთალოს“ ყოფილი მეკარე ლაზარე კუპატაძე ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა. მან გუნდთან კონტრაქტი 1+2 წლით გააფორმა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ლაზარე კუპატაძე თბილისის „საბურთალოს” აღზრდილია და გუნდის კარს 2013 წლიდან იცავს. 2015-2016 წლებში თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა (16 მატჩი). 2018 წლიდან, როდესაც გიორგი ხარაიშვილი შვედურ „გიოტებორგში” გადავიდა, „საბურთალოს“ კაპიტანი გახდა. 2019 წლის 31 იანვარს კუპატაძემ გუნდი დატოვა და ლუქსემბურგის „ჟენესში“ ჩაირიცხა. მაგრამ წლის ბოლოს „საბურთალოში“ დაბრუნდა.

ლაზარე იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, 20 წლის ასაკში, 2018 წლის სექტემბერში ყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ მატჩებისთვის გამოიძახეს. მას შემდეგ ვლადიმირ ვაისი ნაკრებში სისტემატურად იწვევდა.

ლაზარე კუპატაძე ბათუმის „დინამოს“ მერვე ახალწვეულია. მანამდე გუნდმა დაიმატა გოგა ჩაბრაძე, გიორგი ზარია, გიორგი ფანცულაია, სანდრო ალთუნაშვილი, რაფაელ ჩუკვურა, ოლეკსანდრ აზაცკი და ვამარა სანოგო.