„საბურთალოს“ კაპიტანი - ჯერ ადრეა საუბარი, ვინ გახდება ჩემპიონი და ევროსაგზურს ვინ მოიპოვებს #1TVSPORT
„საბურთალოს“ კაპიტანი - ჯერ ადრეა საუბარი, ვინ გახდება ჩემპიონი და ევროსაგზურს ვინ მოიპოვებს #1TVSPORT

„საბურთალოს“ გამოცდილმა მცველმა, ლევან კაკუბავამ, რომელიც გიორგი კოხრეიძის ტრავმის გამო, გუნდს წლეულს კაპიტნობს, მიმდინარე ჩემპიონატში კლუბის გამოსვლა შეაფასა.

„დაძაბული პირველობაა, რამდენიმე გუნდი იბრძვის მაღალი მიზნებისთვის და ცხრილის ქვედა ნაწილშიც დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჯერ ადრეა საუბარი – ვინ გახდება ჩემპიონი, ევროტურნირებზე ვინ გავა და ლიგას ვინ დატოვებს. წლეულს „საბურთალო“, ფაქტობრივად, ახალი გუნდია, მაგრამ ცხრილის ზედა პოზიციებზე ვართ. რის ხარჯზე ვახერხებთ ამას? „საბურთალოს“ მთავარი პლუსი გუნდურობა და ერთი მიზნისკენ სწრაფვაა. ახალ მთავარ მწვრთნელს, ხვიჩა შუბითიძეს და ერთმანეთს ფეხბურთელები ჯერ კიდევ ვეცნობით. ბევრი ახალი იდეა, ტაქტიკა და მიდგომა მოიტანა, მაგრამ ეს დისკომფორტს არ გვიქმნის. პირიქით, საინტერესოა და გუნდი ცდილობს, სიახლეები რაც შეიძლება მალე აითვისოს“, – ამბობს კაკუბავა.

მისი თქმით, გუნდს კარგი თაობა ეზრდება: „ჩვენ ბევრი ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ და ნამდვილად შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. მთავარი შრომა და რა თქმა უნდა, ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულია. ნამდვილი პროფესიონალი ყველა ვარჯიშს უნდა მიუდგეს ისე, როგორც თამაშს. ყოველდღიურად უნდა გაანალიზოს, თუ რა შემატა დღევანდელი ვარჯიშით თავს. ამავე დროს, ინდივიდუალურად ბევრად მეტი მუშაობა სჭირდებათ. სპორტსმენი მუდამ შრომასა და რეჟიმში უნდა იყოს“.