„საბურთალოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი - ასეთი პაუზის შემდეგ ორთვიანი მომზადება დაგვჭირდება
„საბურთალოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი - ასეთი პაუზის შემდეგ ორთვიანი მომზადება დაგვჭირდება

„საბურთალოს“ ფიზმომზადების მწვრთნელი, თემურ ლორთქიფანიძე (რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობდა) საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ გუნდებს მოსამზადებლად ორი თვე მაინც დასჭირდებათ.

„მსგავს ფორსმაჟორი აქამდე ფეხბურთში არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, პაუზა როდემდე გაგრძელდება. ჩემი აზრით, მაისის შუა რიცხვებამდე მაინც გავჩერდებით. ასეთი პაუზის შემდეგ ივნის-ივლისში ორთვიანი მოსამზადებელი ეტაპი დაგვჭირდება, ხოლო ჩემპიონატის დაწყების ყველაზე მისაღები ვადა აგვისტო იქნება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდოდ, უეფა ახალ ევროგათამაშებას აგვისტოში ან შემოდგომაზე დაიწყებს“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თემურ ლორთქიფანიძე.

„საბურთალოს“ ფიზმომზადების მწვრთნელის თქმით, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ფეხბურთელებში ტრავმიანობის საფრთხე იზრდება: „ტრავმების საფრთხე გაიზრდება, რადგან უვარჯიშებელი და მოდუნებული ორგანიზმი ტრავმისკენაა მიდრეკილი. ამიტომ, პოსტპანდემიური პერიოდი ამ კუთხით ყველაზე საშიში იქნება. საფრთხის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება სირბილია“.