„საბურთალოს“ ბრძოლა სახელისა და შემოსავლებისთვის - 7 ათასი ბილეთი ათვისებულია
ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
საბურთალო VS არარატ-არმენია
20:00. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი)
პირველი შეხვედრა – არარატ-არმენია 1:2 საბურთალო
ევროპის ლიგის პლეი ოფში გასასვლელად „საბურთალო“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ერევნის „არარატ-არმენიას” დაუპირისპირდება. საქართველოს ჩემპიონმა პირველი შეხვედა ერევანში მძიმედ დაიწყო, მაგრამ მეორე ტაიმი გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა შესანიშნავად ჩაატარეს და სანდრო ალთუნაშვილისა და ლევა ყენიას გოლებით 2:1 მოიგეს – ამდენად, განმეორებით შეხვედრაში ფავორიტი საქართველოს ჩემპიონია.
საბურთალო თავისას ეცდება
გიორგი ჭიაბრიშვილის აზრით, „საბურთალოს“ მეტოქე თავიდანვე აგრესიულ პრესინგს შესთავაზებს და შეეცდება, საკუთარ თამაში თავს მოახვიოს.
„მაგრამ „საბურთალო“ ამისთვის მზადაა და მეტოქის თამაშზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული. შევეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ და ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, მოგებაზე ვითამაშოთ“ – აცხადებს ჭიაბრიშვილი, რომელმაც ახლაც არ იცის, შეძლებს თუ არა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ვაგნერ გონსალვესი, სომხური გუნდის წინააღმდეგ თამაშს – ბრაზილიელს მცირე ტრავმა აწუხებს და ერევნის მატჩიც გამოტოვა.
არარატ-არმენიას ჩანაფიქრი
„არარატ-არმენიას“ საკადრო პრობლემები არ აქვს. მათი მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანი „საბურთალოსთან“ განმეორებით შეხვედრაში ერევნის მატჩისგან ტაქტიკური სქემისა და შემადგენლობის შეცვლას აპირებს და იმედოვნებს, რომ ეს შედეგს მოუტანს. რაც მთავარია, მისი ჩანაფიქრით, „საბურთალოსთან“ 90 წუთის განმავლობაში მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება.
არბიტრები უკრანიდან
მთავარი არბიტრი: მიკოლა ბალაკინი
ასისტენტები: ანდრეი სკრიპკა, იგორ ალიოხინი
მეოთხე მსაჯი: ოლექსანდრ დერდო
შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა ოემსახურება. მიკოლა ბალაკინი სულ რაღაც 30 წლისაა, მაგრამ ეს გასაკვირი არაა – უეფამ წლევანდელ ევროთასებზე მსაჯთა კორპუსი განაახლა. მიკოლა ბალაკინმა ბოლო 8 შეხვედრაში წითელი ბარათი 2-ჯერ გამოიყენა, ხოლო ყვითელი – 33-ჯერ. ანუ უკრაინელი არბიტრი თამაშზე საშუალოდ ყვითელ ბარათს 4,125-ჯერ აჩვენებს. მასზე დიდად იქნება დამოკიდებული, თამაში როგორ დასრულდება.
7 ათასი ბილეთი
„საბურთალოს“ ევროტურნირების სადებიუტო სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია, რადგან თბილისელებმა „არარატ-არმენია“ სტუმრად 1:2 დაამარცხეს.
ეს მატჩი იქნება ორივე გუნდისთვის ბრძოლა სახელისა და, ცხადია, დიდი შემოსავლებისთვის – ეს კი ისეთი სტიმულია, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.
შესაბამისად, მატჩის მიმართ ინტერესი დიდია. თამაშზე დასაწრები ბილეთის ფასი კვლავ სიმბოლური, 1 ლარია. 3 ათასამდე ბილეთი თავად „საბურთალომ“ დაარიგა, დილის მონაცემებით კი 4 ათასამდე ბილეთია გაყიდული.
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი „საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ შორის 14 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული გუნდი პლეიოფში ლუქსემბურგულ „დუდელანჟს“ შეხვდება.