„საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი - კლასი კი არა, გამოცდილება დაგვაკლდა
„საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი - კლასი კი არა, გამოცდილება დაგვაკლდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში “საბურთალოს” 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი “ბროდარაცს” დაუზავდა – 2:2.

ამგვარად, ლიგის პლეი-ოფში სერბული გუნდი სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გავიდა – პირველი შეხვედრა სერბეთში 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს.

„ახალგაზრდულ ლიგაზე “საბურთალოს” გამოსვლას დადებითად შევაფასებდი. მადლობა ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს თამაშის შემოტრიალება. რეალური მომენტები გვქონდა, გატანა კიდევ შეგვეძლო და იღბალი რომ გვქონოდა, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. რა იყო მარცხის მიზეზი? ჩვენს ფეხბურთელებს ოსტატობა კი არა, გამოცდილება დააკლდათ, შეცდომები ამის ბრალი იყო“, – განაცხადა რევაზ გოცირიძემ “საბურთალოს” 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ბროდარაცის” მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო კალაიჩიმ ქართულ მხარეს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვიცოდი, ძალიან ტექნიკურ გუნდს ვეთამაშებოდით, რომელსაც საინტერესო მწვრთნელის ხელი ეტყობა. ასეთი მატჩი “საბურთალოსთვის” რთული გადასატანი იქნება, მაგრამ ეს ფეხბურთია. ქართულ მხარეს დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის, კარგი დახვედრისთვის და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი ფეხბურთელებით კი ვამაყობ – მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა სასურველი შედეგი დაეფიქსირებინათ“, – განაცხადა ჟელკო კალაიჩიმ.