„საბურთალომ“ „საბაჰი“ დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
„საბურთალომ“ „საბაჰი“ დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„საბურთალო“ აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, აზად რაჰიმოვის თასის მფლობელია – ხვიჩა სიბითიძის გუნდი საქართველოში შეკრებაზე მყოფ აზერბაიჯანულ „საბაჰს“ შეხვდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში ორი ქართველი თამაშობდა – მარცხენა მცველი, კიევის „დინამოს“ აღზრდილი ზურაბ ოჩიგავა და „დინამო თბილისის“ ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ერგემლიძე.

პირველ ტაიმში ანგარიში აკაკი შულაიამ გახსნა, რომელიც ძალიან ეფექტური გოლის ავტორი გახდა. „საბურთალოს“ თავდამსხმელი საჯარიმოსთან სამ მცველს შორის გაძვრა და მეკარესთან პირისპირ გასული მოცელეს. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავადვე პირლოს სტილში შეასრულა და გუნდი ეფექტური გოლით დააწინაურა.

მეორე ტაიმში „საბაჰმა“ უპირატესობა მოიპოვა და რამდენიმე მწვავე საგოლე მომენტი შექმნა. 68-ე წუთზე აზერბაიჯანელებმა თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვეს, ჯოი-ლენს მიკელსის დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა. 74-ე წუთზე, „საბაჰმა“ მიზანს მაინც მიაღწია. მიხეილ ერგემლიძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ვეისელ რზაევმა გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

თასის გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებმა პენალტების სერია შეასრულეს, საბურთალოდან გოლები შოთა ნონიკაშვილმა, ნიკა მალიმ, ლევან ნონიკაშვილმა და იური ტაბატაძემ ზუსტად გამოიყენეს, მეხუთე დარტყმა კი საჭირო აღარ გახდა – „საბურთალოს“ დებიუტანტმა მეკარემ, 19 წლის ლუკა ლეჟავამ პირველი ორი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს თასი მოაგებინა – 4:2.


საბურთალო – საბაჰი 1: 1 (პენალტების სერიით 4:2)


გოლები: 1:0 შულაია (41), 1:1 რზაევი (74)


ამით „საბაჰმა“ თბილისში ორკვირიანი შეკრება დაასრულა და აზერბაიჯანში გაემგზავრა. გუნდმა საქართველოში კიდევ სამი მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი მოიგო – ქობულეთის „შუქურასთან“ (1:0), წყალტუბოს „სამგურალისთან“ (0:1) და „თელავისთან“ (1:3) კი დამარცხდა.

„საბურთალოს“ საგანგებოდ დამზადებული თასი გადაეცა – მატჩი გაიმართება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და მისი პარტნიორების მხარდაჭერით. აღნიშნული თასის გათამაშება ყოველწლიურად ჩატარდება.