„საბურთალომ“ ნონიკაშვილი დაიმატა - გუნდში სხვა ცვლილებებსაც ელიან
„საბურთალომ“ ნონიკაშვილი დაიმატა - გუნდში სხვა ცვლილებებსაც ელიან
25 წლის ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა „საბურთალოსთან“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბში უკვე ივარჯიშა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
 
„საბურთალოს“ ახალწვეული გორის „დილას“ გაზრდილია და კარიერის დიდი ნაწილი ამ გუნდში გაატარა, სადაც 14-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. ბოლოს ნონიკაშვილი საჩხერის „ჩიხურაში“ ირიცხებოდა.
„გვიხარია, რომ ასეთი კარგი მოთამაშე რომ დავიმატეთ, რომელიც ეროვნულ ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეულია“ – ამბობს „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია.
მისი თქმით, პანდემიამ გუნდს გაუთვალისწინებელი საკადრო პრობლემები შეუქმნა: „შესაძლოა, ორმა ლეგიონერმა და ერთმა ქართველმა დაგვტოვოს. ეს პანდემიის დროს წარმოქმნილი ობიექტური პრობლემების შედეგია – ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ნოდერლანდელი ლომუ და უკრაინელი ბელიაევი. დახმარებითვის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას მივმართეთ. იმედია, რომ ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებიან. საერთოდ, ახლა ლეგიონერების დამატება ძალიან გართულდა“.