„საბურთალომ“ მეორე წრე მოგებით დაასრულა - „სამტრედიას“ მდგომარეობა გართულდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-18 ტური თბილისში გამართული მატჩებით გაგრძელდა – „საბურთალომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
„მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „საბურთალომ“ კარგად დაიწყო და პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-16 წუთზე შეტევის მოგერიებისას „სამტერდიას“ მცველმა ანდრო გიორგაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
42-ე წუთზე „საბურთალომ“ უპირატესობა გაზარდა. ლევან კაკუბავას წამოწყებული შეტევის შემდეგ იური ტაბატაძემ მეკარესთან პირისპირ გიორგი გოჩოლეიშვილი დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
„სამტრედიამ“ მცდელობის მიუხედავად, მეორე ტაიმში ვითარება ვერ შეცვალა, მასპინძლებმა კი ისევ ორჯერ გაიტანეს. 83-ე წუთზე, გიორგი ლაცაბიძის გადაცემით, ლევან ნონიკაშვილმა ისარგებლა, ხოლო 91-ე წუთზე აკაკი შულაიას პასით სადებიუტო გოლი ოგაგა ოდუკომ გაიტანა და საბოლოოდ, „საბურთალომ“ დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0.
თბილისურმა კლუბმა მეორე წრე 31 ქულით დაასრულა და მე-3 პოზიციაზეა, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა, რადგან ბოლო ტურში „თელავმა“ მოიგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია.