„საბურთალომ“ ფეხბურთის ფედერაციას მიმართა - უეფა-ს „არარატთან“ მატჩის გამოძიება ოფიციალურად მოსთხოვეს
„საბურთალომ“ ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა, რათა მან უეფა-ში უშუამდგომლოს და დაიწყოს „საბურთალოსა“ და „არარატ-არამენიას“ თბილისური მატჩის გამოძიება – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლუბმა აცნობა.
შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა „საბურთალოს“ პრეზიდენტს, ტარიელ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის. სომხურ გუნდთან წაგებული მატჩის შემდეგ, უკრაინულმა გამოცემა bookmaker-ratings.com.ua-მ ამ მატჩამდე დაწერა, რომ თამაშის ფსონებზე კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლებოდა – კონკრეტულად, 14 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონის კოეფიციენტი საგრძნობლად გაიზარდა, ანუ „საბურთალოს“ გამარჯვების ალბათობა შემცირდა.
„ჩვენ ამ ცილისწამებით ერთ დღეში ხაზი გადაგვისვეს. ყველა კითხვა რომ მოიხსნას, მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, გამოვდივარ ინიციატივით და ხვალ უეფა-ს შესაბამის ორგანოებს მივმართავ, რომ დაიწყონ ამ მატჩის შესწავლა და გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მისი წყარო. არავის აქვს უფლება, მსგავსი რამ დაგვაბრალოს“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა.