ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-6 ტურში ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა და გათამაშების ლიდერი გამოვლინდა.
ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა 0:0.
ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო-არენაზე“ გაიმართა. „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს” უმასპინძლა. აღნიშნულ გუნდებს 12-12 ქულა ჰქონდათ.
63-ე წუთზე, თორნიკე გორგიაშვილმა „საბურთალო“ ლამაზი გოლით დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმართა თავდამსხმელი დავით ვოლკოვი დაშავდა და რადგან ”საბურთალოს” სამი შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდა, გუნდი კაცნაკლული დარჩა.
„დინამო თბილისს“ ქულის გადარჩენის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ „საბურთალოს“ მეკარე ლაზარე კუპატაძემ სტუმრები რამდენჯერმე გადაარჩინა, სტუმრებმა კარი „მშრალად“ შეინახეს და საბოლოოდ, 0:1 მოიგეს.
ამ მოგებით, „საბურთალომ“ 15 ქულა დააგროვა, კონკურენტ „დინამო თბილისს“ 3 ქულით გაასწრო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.