„საბურთალომ“ ბოლო წუთებზე მოიგო - ჩიხრაძემ მოედნის ცენტრიდან გოლი უკრაინის მხარდაჭერით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. თბილისის „მიხეილ მესხი -არენაზე“ „საბურთალომ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
ანგარიში პირველ ტაიმში სტუმრებმა გახსნეს – წყალტუბოელთა ნახევარმცველმა დემურ ჩიხრაძემ საკუთარ ნახევარზე გადაცემა ჩაჭრა, დაახლოებით 55-60 მეტრიდან კარში დაარტყა და ტურის და შესაძლოა, წლის საუკეთესო გოლით „სამგურალი“ დააწინაურა. წყალტუბოელთა შემტევმა ულამაზესი გოლი უკრაინის მხარდაჭერით აღნიშნა და სამკლავურზე გამოსახული ჩვენი მეგობარი ქვეყნის დროშა გამოაჩინა.
„საბურთალომ“ მთელი ძალებით შეუტია და ტაიმის ბოლომდე წონასწორობა აღადგინა – პირველი გოლის გმირი ამჯერად „სამგურალისთვის“ ანტიგმირი გახდა. 44-ე წუთზე ჩიხრაძემ საკუთარ საჯარიმოში იური ტაბატაძე წააქცია და დაინიშნა პენალტი, რომელიც თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა 1:1.
„საბურთალომ“ მიზანს მაინც მიაღწია. 84-ე წუთზე ნოდარ იაშვილმა საჯარიმოში შეტევა ნოდარ ქავთარაძეს გაუთამაშა, მისი ჩაწოდებული ბურთი მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბაქარ ქარდავამ ახლოდან გაიტანა და თბილისელებს სეზონში პირველი სამი ქულა მოუტანა 2:1. აღსანიშნავია, რომ „საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში 8 წელია თამაშობს, აქამდე სეზონის ყველა სასტარტო შეხვედრა მოიგო და ტრადიცია ამჯერადაც არ დაარღვია.
მეორე ტურის მატჩები 4-5 მარტს გაიმართება. ცენტრალურ შეხვედრას ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს – ბათუმის „დინამო“ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.