დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც „საბურთალო“ ზაგრების „დინამოს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა.
მატჩის პირველ ნახევარში ბურთს ძირითადად „საბურთალო“ აკონტროლებდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მეტიც – ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი „დინამოს“ შვეიცარიელ თავდამსხმელ გავრანოვიჩს ჰქონდა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მეტოქის კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი კუთხურზე აღმოჩნდა. შესაბამისად, 45 წუთის შემდეგ, ანგარიში 0:0 იყო.
51-ე წუთზე „საბურთალოს“ პირველი რეალური მომენტი ჰქონდა. მასპინძლების სახიფათო იერიში როლოვიჩის დარტყმით დასრულდა, მაგრამ „დინამოს“ მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი კარი გადაარჩინა. შეხვედრაში ანგარიში 67-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ორსიჩმა იყოჩაღა და ბურთი კარში ზუსტი თავური დარტყმით გადაგზავნა – 0:1. სამ წუთში უკვე „საბურთალოს“ ჰქონდა რეალური მომენტი – გონსალვეშის დაბალ ჩაწოდებას კოხრეიძის ძლიერი გასროლა მოჰყვა, რომელსაც „დინამოს“ მცველები გადაეფარნენ. 76-ე წუთზე, მსაჯმა ჩათვალა, რომ მარგველაშვილი საკუთარ საჯარიმოში ორსიჩზე უხეშობდა და მასპინძელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. დარტყმა პეტკოვიჩმა შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0. მატჩის ბოლო წუთებზე მასპინძლები აქტიურობდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს და პირველი თამაში ანგარიშით 0:2 დათმეს.
გუნდებს შორის მეორე დაპირისპირება 30 ივლისს გაიმართება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ თუ „საბურთალომ“ ეს ბარიერი გადალახა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ვალეტასა“ და უნგრულ „ფერენცვაროშს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო თუ დამარცხდა, „ევროპა ლიგის“ მესამე საკვალიფიკაციოზე გადაინაცვლებს, სადაც სომხურ „არარატ-არმენიასა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.