„საბურთალო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგას წაუგებლად გამოეთიშა
„საბურთალო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგას წაუგებლად გამოეთიშა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში “საბურთალოს” 19-წლამდელ ფეხბურთელთა გუნდი “ბროდარაცს” შეხვდა.

სერბები პირველივე ტაიმში მე-20 წუთზე ალექს პეიჩის გოლით დაწინაურდნენ 0:1, ხოლო 58-ე წუთზე უროშ ლუკიჩმა სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა 0:2.

“საბურთალო” არ დანებდა, არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა: 79-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე იური ტაბატაძემ ანგარიში გაათანაბრა. ამას მეტოქეთა კინკლაობა მოჰყვა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მიხაილო ივანჩევიჩი და ბექა ნიკოლაშვილი მოედნიდან გააძევა.

თბილისელთა მცდელობა უშედეგო გამოდგა, გამარჯვების გოლი ვეღარ გაიტანეს და საბოლოოდ, მატჩი 2:2 დასრულდა. ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სერბული გუნდი სტუმრად მეტი გატანილი გოლის წყალობით გავიდა – პირველი შეხვედრა სერბეთში 1:1 დასრულდა.

“საბურთალო” გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ამ ტურნირის მეორე ეტაპზე გააღწია, შეხვედრა მოიგო და ისე გამოვარდა, რომ თამაში არ წაუგია.