„საბურთალო“ უდანაკარგოდ ლიდერობს
„საბურთალო“ უდანაკარგოდ ლიდერობს

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-4 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ”რუსთავმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა, როდესაც ”საბურთალომ” მეტოქე გატეხა: 86-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, ხოლო 90+2 წუთზე თბილისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ვაგნერ გონსალვესმა ”რუსთავის” კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2 ”საბურთალოს” სასარგებლოდ.

გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილა“ ბოლნისის „სიონს“დაუპირისპირდა და პირველივე ტაიმში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა: მე-7 წუთზე ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, მე-9 წუთზე ისიფუ ლემპტიმ გორელთა უპირატესობა გაზარდა 2:0, ხოლო 31-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ”დილას” უპირატესობა სოლიდური გახადა 3:0.

ბოლნისელებმა თამაშის მიწურულს მოედანზე ვითარება დაძაბეს: გიორგი მიქაბერიძემ 84-ე წუთზე ანგარიში 3:1 გახადა, ხოლო ორ წუთში გიორგი დათუნაიშვილმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა 3:2. თუმცა, სტუმრებმა მეტი ვერ მოახერხეს და ”დილამ” 3:2 გაიმარჯვა.

დღევანდელი გამარჯვებით ”საბურთალომ” ოთხ ტურში ოთხი მოგებითა და 12 ქულით პირველობა განიმტკიცა და გათამაშების ლიდერია, ხოლო ”დილა” შვიდი ქულით მე-3 ადგილზე დაწინაურდა.

via GIPHY