„საბურთალო“ კონკურენტს უმასპინძლებს - ლიდერთა დაპირისპირება საქართველოს მეორე არხზე
22 და 23 ივნისს კრისტალებთ ეროვნულ ლიგაში მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართება. ტური წყალტუბოში, 26 მაისის სახელობის სტადიონზე დაგეგმილი თამაშით გაიხსნება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდება.
„სიონის“ ვილი ისიანი და დავით თარგამაძე უბრუნდებიან, რომლებსაც დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურათ, მაგრამ გუნდს ლევან ხმალაძე კვლავ ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, ბოლნისელებთან ერთად თამაშისთვის ორი ახალწვეული ემზადება – ბექა გვარაძე და ოთო გოშაძე. ბოლნისელებს მოგება სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, გუნდი პლეი-აუტის ზონაში აღმოჩნდეს.
სატურნირო კუთხით მნიშვნელოვანი იქნება „მიხეილ მესხი 2“ ჩასატარებელი მატჩი, სადაც თბილისის „ლოკომოტივი“ „რუსთავს“ უმასპინძლებს. თბილისელებს ბოლო 7 შეხვედრა არ წაუგიათ და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს, მოგებით კი სამეულთან დააახლოების რეალური შანსი გაუჩნდებათ. ბოლო ტურებში რუსთაველებიც კარგად თამაშობენ და ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ.
ტურის ცენტრალური და პრინციპული შეხვედრა 22 ივნისს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი და გათამაშების ლიდერი “საბურთალო” უშუალო კონკურენტს, ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. თბილისელები (38 ქულა) მეტოქეს ერთი ქულით უწრებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი სხვაობას ოთხ ქულამდე გაზრდიან, რაც სოლიდური ჰანდიკაპი იქნება. გუნდები ერთმანეთის პირისპირ მე-13 წარდგებიან. განვლილი თორმეტი შეხვედრაში თბილისელებმა 8-ჯერ გაიმარჯვეს, 3-ჯერ – ბათუმელებმა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. მატჩი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მეორე არხზე 21:30 საათზე დაიწყება.
კვირის თამაშებიდან მნიშვნელოვანი თბილისის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ მატჩი, რომელიც „დინამო-არენაზე“ გაიმართება. პირად შეხვედრებში უპირატესობაა „დინამოს“ მხარესაა – 26 მატჩიდან 16 მოგება, 5 ფრე და5 მარცხი, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 59:24 თბილისელთა სასარგებლოდ.
ტური გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე დასრულდება, სადაც ერთმანეთს აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდებიან – „დილა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებს. მოგებით სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი ორივე გუნდს გააჩნია.
შაბათი, 22 ივნისი, 2019
ტორპედო – სიონი
18:00. 26 მაისი – წყალტუბო
ლოკომოტივი – რუსთავი
19:30. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
საბურთალო – დინამო ბთ
21:30. მიხეილ მესხი – თბილისი (რეპორტაჟი მეორე არხზე)
კვირა, 23 ივნისი, 2019
დინამო თბ – ჩიხურა
19:30. დინამო არენა – თბილისი
დილა – ვიტ ჯორჯია
21:30. თენგიზ ბურჯანაძე – გორი